
სტოლტენბერგი: ევროპის სახელმწიფოები თავდაცვის ხარჯებს რეკორდულ დონემდე ზრდიან
18/06/2024 06:11:57 მსოფლიო
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების რეკორდული რაოდენობა ასრულებს თავდაცვის ხარჯების სამიზნე მაჩვენებელს – 2%–ს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში, ვილსონის ანალიტიკურ ცენტრში გამოსვლისას განაცხადა.
ნატოს თავდაცვით შესაძლებლობებზე საუბრისას სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ 2014 წელს ალიანსის მხოლოდ სამმა წევრმა - აშშ-მა, საბერძნეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დახარჯეს მშპ-ს 2%-ზე მეტი, ახლა კი ევროპის სახელმწიფოები თავდაცვის ხარჯებს "რეკორდულ დონემდე ზრდიან."
"დღეს შემიძლია, განვაცხადო, რომ 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს მშპ-ს მინიმუმ 2%-ს თავდაცვაზე. ეს კარგია ევროპისთვის და კარგია ამერიკისთვის," - თქვა სტოლტენბერგმა. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
ცნობილია, რომ ესტონეთი თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2.5%-მდე ზრდას გეგმავს, ხოლო პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ცდილობს, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3%-მდე ზრდას მიაღწიოს.