
საგამოძიებო სამსახური: სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ
18/06/2024 06:37:46 სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ ის მოქალაქეს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებას დაჰპირდა და 2 700 აშშ დოლარი გამოართვა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, დაარწმუნა იგი რომ თითქოს მუშაობდა ვადამდე ადრე გათავისუფლების ე.წ „უდო“-ს კომისიაში და შეეძლო კონკრეტული მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 2 700 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7 წლამდე ვადით", – ნათქვამია განცხადებაში.