
მიუხედავად ომისა, ისრაელის შეიარაღების გაყიდვებმა ახალ რეკორდს მიაღწია
18/06/2024 06:50:51 მსოფლიო
ისრაელის შეიარაღების წლიურმა გაყიდვებმა 2023 წელს ახალ რეკორდს მიაღწია და თითქმის ორჯერ აღემატება ხუთი წლის წინანდელ ექსპორტის ღირებულებას,– ამის შესახებ The Times of Israel ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თავდაცვის თანამშრომლობის დირექტორატმა (ცნობილია როგორც SIBAT), განაცხადა, რომ თავდაცვის ექსპორტმა შარშან 13 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წელს 12.5 მილიარდი დოლარი იყო, 2018-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 7.5-8.5 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა.
"ჰამასთან" ომის დაწყებისთანავე, 7 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდაცვის ინდუსტრიამ "გადაუდებელ რეჟიმში" მოქმედება დაიწყო და რომ ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის შეიარაღებას 24 საათის განმავლობაში აწარმოებს.
"მიუხედავად ომისა, 2023 წელს ახალი რეკორდი დამყარდა და ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი საექსპორტო შეთანხმებებით," - აცხადებენ სამინისტროში.
საჰაერო თავდაცვის სისტემები ექსპორტის ყველაზე დიდ ნაწილს, 36%-ს შეადგენდა (2022 წლის 19% იყო). ეს დიდწილად განპირობებული იყო ისრაელის მიერ გერმანიისთვის Arrow 3-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის 4 მილიარდ ევროდ მიყიდვით.
სარადარო და ელექტრონული საომარი სისტემების ექსპორტმა გაყიდვების 11% შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ცნობილია კიბერ-სადაზვერვო სისტემებით, ისინი 2023 წელს გაყიდვების მხოლოდ 4%-ს შეადგენდნენ.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ისრაელის თავდაცვის პროდუქციის უმსხვილესი მყიდველი იყო – მთლიანმა ექსპორტმა 48% შეადგინა, ევროპა მეორე პოზიციაზეა 35%–ით, ჩრდილოეთ ამერიკა - 9%; ლათინური ამერიკა - 3%; აფრიკა - 1%; არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი და მაროკო (რომლებთანაც ნორმალზდა ურთიერთობები ისრაელთან 2020 წლის შეთანხმებებით) – 3% 2022 წლის 24%-ისგან განსხვავებით.