ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერაზე NATO–ს გენმდივნის განცხადებას ეხმიანება

18-06-2024 15:25:49 მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის.

„ჩვენ ვურჩევთ (ნატოს) შეწყვიტოს ბრალის გადატანა და უთანხმოების დათესვა, არ დაასხას ცეცხლზე ნავთი და არ გამოიწვიოს დაპირისპირება და გააკეთოს რაიმე პრაქტიკული კრიზისის პოლიტიკურად რეგულირებისთვის“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ძიანმა ბრიფინგზე. მის სიტყვებ სააგენტო AFP ციტირებს.

ჩინეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა უკრაინაში, თუმცა პეკინი უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს სამხედრო მხარდაჭერის შესახებ.

NATO-ს გენმდივანმა ვაშინგტონში, ვილსონის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდის ტექნოლოგიას, რომელიც უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიან შეჭრას ახანგრძლივებს.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ გამოყენებული მიკროელექტრონული საშუალებების 90% ჩინური წარმოშობისაა. იგი გამოიყენება სხვადასხვა იარაღის წარმოებისთვის. ჩინეთი ასევე თანამშრომლობს რუსეთთან თანამგზავრული ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. ჩინეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდ სამხედრო კონფლიქტს აძლიერებს და ამავდროულად ცდილობს, ევროპასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას. პეკინი ამ ორივე გზას ერთდროულად ვერ შეინარჩუნებს. თუ ჩინეთი არ შეცვლის კურსს, მოკავშირეებმა ფასი უნდა გადაახდევინონ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები