
მედია: რუსეთის როსტოვის ოლქში, ნავთობბაზებზე გაჩენილი ხანძარი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა
18/06/2024 11:39:09 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქში ნავთობის ბაზებზე გაჩენილი ხანძარი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა, იტყობინება უკრაინული მედია უსაფრთხოების ძალებიდან საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, განსაკუთრებით "ხმაურიანი" იყო ოპერაცია რკინიგზის სადგურის მიდამოში და პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნავთობის ბაზები და საწვავის ტერმინალებია განთავსებული, ხოლო თვითმფრინავების "წარმატებით გამოცდის" შემდეგ, ობიექტებზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
"გავაგრძელებთ მტრის ეკონომიკური პოტენციალის შემცირებას, რაც აგრესორს აძლევს რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად", – ხაზი გაუსვა წყარომ.
რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატების შეჯახების შემდეგ გაჩნდა, – იტყობინებოდა რეგიონის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი. მისი თქმით, ცეცხლი გაუჩნდა ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს. 18 ივნისს, დილით ცეცხლი ლიკვიდირებული არ იყო – წერდა Astra და კადრებსაც ავრცელებდა.
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთში ნავთობის სექტორის რამდენიმე მსხვილი საწარმო დაზარალდა დრონებით. Reuters-ის ცნობით, სულ მცირე შვიდმა რუსულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეწყვიტა წარმოება პირველ კვარტალში. გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო, რუსეთმა გაზარდა ბენზინის შესყიდვები ბელარუსიდან და ასევე სთხოვა ყაზახეთს მიწოდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე რუსული ჯარების თავდასხმებზე პასუხი უწოდა.