ადიგენს იაპონიის ელჩი სტუმრობდა

18-06-2024 17:16:22 რეგიონები ,რეკლამა

ადიგენს საქართველოში იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა

ადიგენს მერიის ცნობით, ელჩს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრის ფარგლებში ელჩს მიეწოდა ინფორმაცია რეგიონსა და ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი თანამშრომლობის შედეგებზე. მათ შორის, იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივ საგრანტო პროგრამზე“, რომლის ფარგლებშიც მოპოვებული გრანტით ადიგენის მუნიციპალიტეტმა ნარჩენების შემკრები მანქანა შეიძინა.

დღესვე, მხარეები სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,მადლობა იაპონიის საელჩოს ადიგენის მუნიციპალიტეტის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მოხარულები ვართ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებული გახადა და მოპოვებული გრანტის ფარგლებში ნარჩენების შემკრები მანქანა შევიძინეთ. შეძენილი ტექნიკა მუნიციპალიტეტის 30 სოფლის დაახლოებით 6880 მცხოვრებლისათვის საცხოვრებელ გარემოს გააუმჯობესებს და დაიცავს. სასიხარულო და ამავდროულად საამაყოა, რომ ადიგენის მერიამ მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლო დაფინანსების მოპოვება“ - აღნიშნა ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ შეხვედრის მიმდინარეობისას.

ინფორმაციისთვის, "ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა" გრასრუტების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა. შეგახსენებთ, რომ 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში 216 პროექტი დაფინანსდა, რომელთა საერთო ღირებულებაც 25 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

News

Other news