პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

18-06-2024 22:45:27 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა. 2000 წლის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტია ფხენიანში.

რუსული მედიის ცნობით, პუტინს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი დახვდა. პუტინთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერი აქლესანდრ ნოვაკი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

ვიზიტი ორ დღეს გასტანს. 19 ივნისს სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, მათ შორის რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული ხელშეკრულების პროექტი.

კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს უფლება ხელშეკრულების პროექტში არაპრინციპული ცვლილებები შეიტანოს. ამავე განკარგულების მიხედვით, საბოლოო დოკუმენტს ხელი ქვეყნის ლიდერებმა უნდა მოაწერონ.

სავარაუდოდ სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ დოკუმენტს მხარეები პუტინის ვიზიტის ფარგლებში მოაწერენ ხელს.

საგარეო ურთიერთობებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველის იური უშაკოვის თქმით, ახალი ხელშეკრულება ჩაანაცვლებს ჩრდილოეთ კორეასა და საბჭოთა კავშირს შორის 1961 წელს გაფორმებულ კეთილმეზობლობისა და მეგობრობის ხელშეკრულებას.

პუტინის ვიზიტი იმართება რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის ფონზე. ცნობილია, რომ რუსეთმა გასულ თვეებში უკვე მიიღო კორეული ჭურვები და ბალისტიკური რაკეტები და გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის მიერ გაჩაღებულ ომში.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ სიკმა განაცხადა, რომ სეულმა დააფიქსირა მინიმუმ 10,000 კონტეინერის გადაზიდვა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის მიმართულებით.

საბრძოლო მასალის სანაცვლოდ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას გაუგზავნა ტექნოლოგია, რომელიც დაეხმარება მას ჯაშუშური თანამგზავრების ქსელის განლაგებაში, ასევე ჩვეულებრივი იარაღის, როგორიცაა ტანკები და თვითმფრინავები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები