
დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა სამხედრო ტყვეს თავი მოკვეთეს, ბრძანება ხელმძღვანელებმა გასცეს – უკრაინის გენპროკურორი
18/06/2024 19:02:04 მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედრო ოფიცრებმა დონეცკის ოლქში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეს თავი მოჰკვეთეს.
უკრაინელმა სამართალდამცავებმა დაიწყეს გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაზე, განზრახ მკვლელობასთან ერთად.
კოსტინის თქმით, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა საჭირო ღონისძიება მომხდარის გარემოებების დასადგენად, „მოწმდება კონკრეტული რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა ამ დანაშაულის ჩადენაში“.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქის ვოლნოვახას რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელებმა გასცეს ბრძანება, რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები არ აეყვანათ ტყვედ, მოეკლათ ისინი არაადამიანური სისასტიკით - თავის მოკვეთით. დონეცკის ოლქში უკრაინელი დამცველის თავის მოკვეთის ფაქტი დაფიქსირდა“, - განაცხადა მან.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ერთ-ერთ საბრძოლო პოზიციაზე საჰაერო დაზვერვისას უკრაინელმა სამხედროებმა აღმოაჩინეს უკრაინის თავდაცვის ძალების დაზიანებული ჯავშანმანქანა, მასზე იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლის მოკვეთილი თავი.
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აგრესორის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები არ არის იზოლირებული ინციდენტები, არამედ რუსეთის რეჟიმის დაგეგმილი სტრატეგია. ეს დანაშაულებრივი ბრძანებები გაცემული იყო ბატალიონისა და საოკუპაციო ძალების ასეულის ხელმძღვანელობის დონეზე“, - განაცხადა კოსტინიმ და დასძინა, რომ ეს დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული ჯარის მსგავსი შესაძლო ქმედებები ვრცელდება. მსგავსი არაერთი ფაქტი მოხვდა გაეროს ანგარიშში.