
რუსეთში ნავთობის რეზერვუარებზე გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ
19/06/2024 06:59:23 მსოფლიო
რუსეთის როსტოვის ოლქის აზოვის რაიონში მდებარე ნავთობის რეზერვუარებზე გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. რეზერვუარებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 18 ივნისს დანხორციელდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლობის მიერ დღეს, 19 ივნისს გამოქვეყნებული ცნობით, 05:30 საათისთვის ხანძარი ლოკალიზებულია 3200მ² ფართობზე. ერთი დღით ადრე, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყებოდა, რომ ხანძრის ფართობი 5 000 მ² იყო.
18 ივნისს BBC-ს უკრაინულმა სამსახურმა და გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვის რაიონში მდებარე რეზერვუარებზე დრონებით შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად ყოველდღიურად ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ყოველ ჯერზე რუსეთი უკრაინას „ტერორისტულ შეტევებში" ადანაშაულებს.
უკრაინას კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.