
ისრაელის გენერლებმა ლიბანში IDF–ის საომარი მოქმედებების გეგმა დაამტკიცეს
19/06/2024 07:28:49 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სამხედრო ოლქის მეთაურმა, გენერალმა ორი გორდინმა და გენერალური შტაბის საოპერაციო დირექტორატის ხელმძღვანელმა ოდედ ბასიუკმა სამშაბათს შეაფასეს სამხედრო სიტუაცია და დაამტკიცეს ისრაელის არმიის შეტევის გეგმები ლიბანში. ამის შესახებ Times of Israel იტყობინება.
გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება ამ მონაკვეთზე მოქმედი სამხედრო დანაყოფების მზაობის დონის გაზრდის შესახებ.
მანამდე "ჰეზბოლას" და მისი მოკავშირე პალესტინური დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმები ჩრდილოეთ ისრაელში გახშირდა. ამავდროულად, იზრდება საომარი მოქმედებების შესაძლო გაფართოების თაობაზე მღელვარება.
ისრაელმა ადრე გააფრთხილა, რომ ვეღარ მოითმენს "ჰეზბოლას" ყოფნას მის საზღვრებში გასული წლის 7 ოქტომბრის სასტიკი ძალადობის ფონზე.
ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თუ დიპლომატიური მცდელობები შეიარაღებული დაპირისპირების დასასრულებლად წარუმატებელი აღმოჩნდა, ისრაელის თავდაცვის ძალები დაიწყებენ სამხედრო ოპერაციას "ჰეზბოლას" "ჩრდილოეთით გადასაყვანად".