
ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა BRICS-ის თამაშებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
19/06/2024 07:46:12 საზოგადოება
ქართველი სპორტსმენები ვალერი იარღანაშვილი, თამაზ ბედინაძე, ვახტანგ ტაბარუკიშვილი და ზურაბ ჩაგელიშვილი რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე BRICS-ის თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ტურნირის ვებ–საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენებს უნდა ეასპარეზათ აზიური ხალხური ჭიდაობის სახეობა კურაშში.
საქართველოს ბელბოგლი კურაშის ფედერაციის დირექტორმა გიორგი ჩიტაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ „გაუგებრობა მოხდა“. ფედერაციამ ტურნირში მონაწილეობაზე მოწვევა დაახლოებით თვენახევრის წინ მიიღო. სპორტსმენებმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა უარი თქვეს მონაწილეობაზე მას შემდეგ, რაც თამაშებზე ინფორმაცია დააზუსტეს, მათ შორის გაიგეს, რომ მასში მონაწილეობდნენ სპორტსმენები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
მანამდე ტურნირის ვებ–საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სამბისტების ელენე ქებაძისა და ნინო ოძელაშვილის მონაწილეობის თაობაზე. მოგვიანებით, მათ უარყვეს ინფორმაცია რომ თითქოს ყაზანში მიემგზავრებოდნენ.
შესაბამისად, 19 ივნისის მონაცემებით, BRICS-ის თამაშებში არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ მონაწილეობს. 12 ივნისს კი, თამაშების გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს დროშა გამოჩნდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დროშების გვერდით.
რუსეთმა BRICS-ის თამაშებში აფხაზი სპორტსმენები 2023 წლის ბოლოს მიიწვია.
BRICS-ის თამაშებში არის BRICS-ისალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული სპორტული ღონისძიება.