Accentnews.ge
შსს მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დაინტერესდა

შსს მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დაინტერესდა

13/01/2020 14:10:19 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 ივნისთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეისწავლის,-იუწყება შსს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლისს მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ასევე 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც - „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“, - აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშაუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საკითხს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი გია ვოლსკი და აღნიშნა, რომ "სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა".

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ამ პოლიტიკური ძალის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარ ფიგურას. კოორდინირებული მოქმედებებისა და შეჯერებული პოლიტიკის განმსაზღვრელს. უვიზო მიმოსვლის შემოღების გუშინდელი უარყოფითი შეფასება ამ იდეოლოგიის კიდევ ერთი დადასტურებაა. უტიფრობაა ისიც, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დამრბევი, ფოტორეპორტიორების, ჯაშუშების ბრალდებით დაკავების ორგანიზატორი, არაერთი მედიასაშუალების კონტროლის ქვეშ მომქცევი, „რუსთავი 2-ის“ მიმტაცებელი ადამიანი საუბრობს მედიაგარემოზე, თავისუფლებაზე და საუბრობს იმ ტელევიზიების მეშვეობით, რომლებიც უმოკლეს დროში დაარეგისტრირეს და ეთერში ყოველგვარი შეფერხების გარეშე გავიდნენ. მისი გუშინდელი განცხადება არაორაზროვნად უკავშირდება კონკრეტულ მოვლენებს და ნათელს ხდის იმ მიზეზს, თუ რატომ გაუჩნდა გამოძიებას კითხვები 20 ივნისის მოვლენებთან, მისი პირდაპირი, უშუალო კავშირის შესახებ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით კი საქართველოში დესტაბილიზაციის მთავარი წყაროა სიღატაკე, კორუფცია, კლეპტოკრატია, რაზეც ის პასუხისმგებლობას ივანიშვილის ხელისუფლებას აკისრებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S