Accentnews.ge
მექაში ჰაჯის დროს ასობით მომლოცველი დაიღუპა

მექაში ჰაჯის დროს ასობით მომლოცველი დაიღუპა

19/06/2024 10:10:07 მსოფლიო

საუდის არაბეთში ასობით ადამიანი დაიღუპა ძლიერი სიცხის ფონზე მექაში ყოველწლიური მუსლიმური პილიგრიმობის დროს, – იტყობინება სხვადასხვა მედია ოთხშაბათს, 19 ივნისს დიპლომატებზე დაყრდნობით. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ AFP-ის თანახმად, მხოლოდ ჰაჯის დროს დაიღუპა სულ მცირე 550 ადამიანი, მათ შორის 323 პილიგრიმი ეგვიპტიდან.

იტყობინებიან, რომ საუდის არაბეთში ჰაერის ტემპერატურა ამჟამად ჩრდილში 50 გრადუსზე მეტია. მომლოცველები ასრულებენ რიტუალებს ღია ცის ქვეშ.

ტუნისის საინფორმაციო სააგენტო Tunis Afrique Presse-ის ცნობით, დაღუპულთა შორის ტუნისის 35 მოქალაქეა. იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იორდანიელი პილიგრიმებისთვის 41 დაკრძალვის ნებართვის გაცემის შესახებ განაცხადა. ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება, რომ დაიღუპა 11 ირანელი, კიდევ 24 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე დაფიქსირდა სენეგალის სამი მოქალაქის და ინდონეზიის 144 მოქალაქის გარდაცვალება.

ამ ადამიანების უმეტესობა უკიდურესი სიცხის გამო გარდაიცვალა, – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ გამოუვლენია პილიგრიმებს შორის გარდაცვალების უჩვეულო შემთხვევა ჰაერის უკიდურესად მაღალი ტემპერატურის ფონზე.

საუდის არაბეთის ტელევიზიის ცნობით, 17 ივნისს მექაში მდებარე დიდ მასჯიდ ალ-ჰარამის მეჩეთში ჰაერის ტემპერატურა ჩრდილში 51,8 გრადუსი იყო. სხეულის გადახურების გამო სამედიცინო დახმარება 2700-ზე მეტმა მომლოცველმა მიიღო.

წლევანდელი ყოველწლიური ჰაჯი 14 ივნისს დაიწყო და 19 ივნისის საღამოს დასრულდება. საუდის არაბეთის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, მასში 1,8 მილიონი პილიგრიმი მონაწილეობს.

მექაში პილიგრიმობა ისლამის ხუთი საყრდენიდან ერთ-ერთია. ყოველმა მორწმუნე მუსლიმმა სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს ჰაჯი, თუ ამის საშუალებას იძლევა მისი ჯანმრთელობა და ფინანსური მდგომარეობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S