იპოდრომის ტყის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

19-06-2024 20:50:30 საზოგადოება

იპოდრომის ტყის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები და აქტივისტები. ისინი აპროტესტებდნენ 14 ივნისს საკრებულოს მიერ მრავალსარულიანი კომპლექსის მშენებლობისთვის გეგმარებითი დავალების პროექტს მხარდაჭერას.

იპოდრომის ტყეში, მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას „ცენტრალ პარკ ავენიუ“ გეგმავს. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, იპოდრომის მოედნის გვერდით მდებარე ტყეში 7 შენობა აშენდება, მათგან ყველაზე დაბალი 21-სართულიანი, ყველაზე მაღალი კი 79-სართულიანი იქნება. იმ ტერიტორიის ფართობი 80 145 კვ.მ-ია. იქვე უნდა მოეწყოს ავტოსადგომი 5500 ავტომობილზე.

იპოდრომის ტყის ტერიტორია შპს „ცენტრალ პარკ ავენიუმ” 2023 წლის 27 ოქტომბერს ფონდ “ქართუსგან” 85 მილიონ დოლარად იყიდა. ეს კომპანია 2023 წლის 22 სექტემბერს იპოდრომის ტერიტორიის ყიდვამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა. მისი დირექტორი, ვასილ ფხაკაძე, ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის ძმისშვილია.

იპოდრომის ტყე სარეკრეაციო ზონაა. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, იქ დაუშვებელია ყველანაირი მშენებლობა, გარდა განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის მოწყობისა.

პროცედურის თანახმად, პროექტის საკრებულოში დამტკიცების შემდეგ, ინვესტორი მას მერიაში დააბრუნებს და მშენებლობის დასაწყებად ნებართვას მოითხოვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები