
მერია: სენაკს განახლებული სპორტული მოედანი შეემატა
20/06/2024 06:06:23 რეგიონები, რეკლამა
სენაკის მუნიციპალიტეტში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულებულია.
სენაკის მერიის ცნობით, პროექტი, ღირებულებით - 497 777 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, კალათბურთის ფარები, გარე განათების სისტემა, შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერის პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან ერთად, შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტს, კიდევ ორი განახლებული, კეთილმოწყობილი მინი სპორტული მოედანი შეემატა - თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურში და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის გახომელას უბანში. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, 3 მინი სპორტული მოედანი მოაწყო - ვაჩნაძის ქუჩაზე, ყოფილი მე-8 სკოლის მიმდებარედ და მშვიდობის ქუჩაზე, ახალრეაბილიტირებული მეოთხე საბავშვო ბაღის მიმდებარედ; ასევე, ტრენაჟორები დამონტაჟდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.