
რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის ბაზებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება
20/06/2024 06:41:32 მსოფლიო
რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის ბაზებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება. ამჯერად, შეტევა ტამბოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე განხორციელდა.
ნავთობის რეზერვუარზე ხანძრის ფაქტი დაადასტურა ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ ეგოროვმა, რომელმაც მიზეზად დაასახელა „სავარაუდოდ უპილოტო საფრენი აპარატი“. მისი თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გამთენიისას დრონებით შეტევა იყო რუსეთის ადიღეს რესპუბლიკის დაბა ენემში მდებარე ნავთობის ბაზაზეც.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად ყოველდღიურად ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ყოველ ჯერზე რუსეთი უკრაინას „ტერორისტულ შეტევებში" ადანაშაულებს.
უკრაინას კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.