„მსხვერპლები დაუცველები რჩებიან“ – ქალებზე ძალადობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება

20-06-2024 11:47:50 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

2023 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 16 შემთხვევაში მკვლელობა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი. ხოლო მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტიდან 20 ოჯახის წევრმა ჩაიდინა,– ეს დრამატული სტატისტიკა სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა, რომელიც პროკურატურის მონაცემებს ეყრდნობა. ანგარიშში აღწერილია ქვეყანაში ქალთა წინაშე მდგარი მთელი რიგი მწვავე პრობლემები უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით. ეს თანაბრად ეხება როგორც უსაფრთხოებას, ისე სერვისებს, ეკონომიკურ თავისუფლებას, დისკრიმინაციას, პოლიტიკაში ჩართულობას. გარდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული გამოწვევებისა, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, სამწუხაროდ, ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ არაა უსაფრთხოდ იქ, სადაც ყველაზე დაცულად უნდა გრძნობდეს თავს – ოჯახში.

ოჯახში შესაძლო ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა:

  • 11.1 -126.1 მუხლებით დევნის დაწყების მაჩვენებელი - 5286
  • დამცავი ორდერი - 95
  • შემაკავებელი ორდერი- 8734

როგორც ომბუდსმენიც მიუთითებს, ქვეყანაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით გადადგმული არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯისა, აღნიშნული საკითხი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და კვლავ დგას საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ცვლილებების აუცილებლობა:

  • "წინა წლების მსგავსად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სრულყოფილად არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2023 წელს სამუშაო ჯგუფმა წინა წლების მსგავსად, შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტის პროექტი სისხლის სამართლის კოდექსის 137-139-ე მუხლებში ცვლილებების შესატანად, თუმცა სახელმწიფოს კანონპროექტის დასამტკიცებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ასევე, კანონი კვლავ არ ითვალისწინებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მათ შორის, სქესობრივი დანაშაულის შედეგად დაზარალებულის დაკითხვის დისტანციურად ჩატარების ან ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან დროებით გაყვანის შესაძლებლობას.
  • სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ შესულა შესაბამისი ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესში. ასევე, კომპენსაციის მიმღები პირების რაოდენობის გაზრდის მიზნით, აუცილებელია საზოგადოების მეტად ინფორმირება ამგვარი შესაძლებლობის შესახებ.
  • კვლავ არ დამტკიცებულა სოციალური მუშაკებისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მუშაობისთვის სპეციალური სახელმძღვანელო წესები. წლების შემდეგ, დაგვიანებით დამტკიცდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების“ დოკუმენტი, რომელიც ზოგადად ეხება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ადრეული გამოვლენისა და აღკვეთის პროცესში უწყებების უფლებამოსილებებს და მათი კოორდინაციის საკითხს. აღნიშნული დოკუმენტი არ ითვალისწინებს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის პრევენციისთვის სახელმწიფო უწყებების მიერ გადასადგმელ კოორდინირებულ ნაბიჯებს.
  • დადებითად უნდა შეფასდეს ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების გაზრდის მიზნით რისკის შეფასების დოკუმენტის გადახედვა და საკანონმდებლო ცვლილებებზე მორგება, რის შედეგადაც გაზრდილია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე GPS მონიტორინგის გამოყენების მაჩვენებელი.
  • თუმცა საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა არასათანადო საფუძვლით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ზოგიერთ საქმეში რისკის შეფასებაზე უარის თქმა.
  • პრობლემად გამოიკვეთა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რიგი საქმეების არასათანადო/არასრულყოფილი გამოძიებაც, რის გამოც, საქმის საპროცესო ზედამხედველ პროკურორს უწევდა მითითებების გაცემა.
  • აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამებში მოძალადეთა ჩართულობის გასაზრდელად. ასევე, არ შემუშავებულა ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამა იმ მოძალადეებისთვის, რომელთა მიმართაც დამცავი ორდერია გამოცემული.
  • მისასალმებელია, რომ 2023 წლიდან ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფო სერვისს სპეციალური სტატუსის მინიჭების გარეშე იღებენ. ასევე დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების უმრავლესობაში სერვისით მოსარგებლე პირები თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობენ. თუმცა თავშესაფრების და კრიზისული ცენტრების სერვისი არაერთი გამოწვევით ხასიათდება. წინა წლების მსგავსად, განსაკუთრებით პრობლემურია ბენეფიციართა სოციალური რეაბილიტაცია, ასევე, ზოგიერთი თავშესაფრის ტერიტორიის გამიჯვნის საკითხი ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზნით“.

სახელმწიფოს არაეფექტურ რეაგირებაზე მიუთითებენ ამ საკითხზე მომუშავე უფლებადამცველები.

„ფემიციდი საქართველოში კვლავ მწვავე პრობლემად რჩება, გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო უწყებები სამწუხაროდ, არაეფექტურად პასუხობენ ასეთ შემთხვევებს. ეფექტური გამოძიების თვალსაზრისით გვაქვს გამოწვევები“,– ამბობს უფლებადამცველი ანა თავხელიძე.

უფლებადამცველები ფემიციდის პრევენციის მთავარ საშუალებად საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ასახელებენ, რაშიც „დიდი ჩავარდნა“ გვაქვს. პარალელურად უკიდურესად მნიშვნელოვანია მსხვერპლის მხარდაჭერა, მათ შორის, ფსიქოლოგიური, სამართლებრივი, მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა... და მსგავს პირობებში მათთვის ხშირად, „მაშველ რგოლს“ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ. თუმცა, ამჯერად უკვე დარტყმის ქვეშ თავად სექტორი აღმოჩნდა ხელისუფლების მიერ „აგენტების კანონის“ მიღებით, შესაბამისად, „ძალადობის მსხვერპლები დაუცველები რჩებიან“.

„ხელისუფლებამ მიიღო რუსული კანონი, რომლითაც ფაქტობრივად, აუქმებს ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს. რა თქმა უნდა, ქალები, ბავშვები (და არა მხოლოდ) რჩებიან სათანადო სერვისების გარეშე“,– ხაზს უსვამს თავხელიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები