Accentnews.ge
მოსკოვი და ჩრდილოეთ კორეა სანქციების გვერდის ავლით ერთმანეთის დახმარებაზე შეთანხმდნენ

მოსკოვი და ჩრდილოეთ კორეა სანქციების გვერდის ავლით ერთმანეთის დახმარებაზე შეთანხმდნენ

20/06/2024 09:44:19 მსოფლიო

მოსკოვი და ჩრდილოეთ კორეა შეთანხმდნენ, დაეხმარონ ერთმანეთს სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით. ეს გამომდინარეობს თანამშრომლობის ხელშეკრულების გამოქვეყნებული ტექსტიდან, რომელსაც ხელი მოაწერეს ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ფხენიანში. ინფორმაციას კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ხელშეკრულებაში ასევე საუბარია პირდაპირ სამხედრო დახმარებაზე, რომელიც ქვეყნებმა უნდა გაუწიონ ერთმანეთს.

თუ სანქციები დაწესდება მოსკოვის ან ფხენიანის წინააღმდეგ, ნათქვამია ხელშეკრულებაში, „მხარეებმა უნდა გაწიონ პრაქტიკული ძალისხმევა რისკების შესამცირებლად, რათა აღმოფხვრან ან მინიმუმამდე დაიყვანონ ასეთი ზომების პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენა ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებზე, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე ან მათ საკუთრებაზე“.

„მხარეები ასევე იღებენ ზომებს იმ ინფორმაციის გავრცელების შესაზღუდად, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მესამე მხარის მიერ ამგვარი ზომების დაწესებისა და ესკალაციისთვის“, - ნათქვამია ტექსტში.

ცალმხრივ იძულებით ზომებში ხელშეკრულება მოიაზრებს ცალკეული ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. ეს არ ეხება გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებს. მოსკოვმა, როგორც საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა ფხენიანის ეკონომიკის შეზღუდვებს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ბირთვული პროგრამისთვის. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვს რეგულარულად ადანაშაულებენ ამ წესების დარღვევაში. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პირდაპირ დაარღვია სანქციები კიმ ჩენ ინისთვის Aurus ლიმუზინის ჩუქებით. დანარჩენ დარღვევებს მოსკოვი ტრადიციულად არ აღიარებს.

პუტინმა თქვა, რომ მისი აზრით, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები მოძველდა. ოფიციალურმა მოსკოვმა აღნიშნა, რომ ამ სანქციების გაუქმებას შეეცდება. ეს პოზიცია არ ათავისუფლებს რუსეთს მათი შესრულების ვალდებულებისგან.

ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოქვეყნებულ ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაუწიონ ერთმანეთს „სამხედრო და სხვა“ დახმარება, თუ ერთ-ერთი მათგანი შეიარაღებული თავდასხმის ქვეშ მოექცევა.

ეს პუნქტი თითქმის მთლიანად იმეორებს 1961 წლის სსრკ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების მუხლს. ახალ ვერსიაში აღნიშნულია, რომ დახმარება უნდა შეესაბამებოდეს გაეროს წესდებას და მხარეთა შიდა კანონებს.

გარდა ამისა, მოსკოვი და ფხენიანი ეწინააღმდეგებიან შეზღუდვებს მათი „სუვერენული უფლების, დაარეგულირონ და უზრუნველყონ ინტერნეტის ეროვნული სეგმენტების უსაფრთხოება“ და შეთანხმდნენ, რომ შექმნან პირობები ქსელში სადაზვერვო სამსახურებს შორის ურთიერთქმედების გაცვლისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S