
FT: აშშ Patriot–ებს მხოლოდ უკრაინას მიაწვდის ცის სრულად "დახურვამდე"
20/06/2024 11:32:59 მსოფლიო
შეერთებული შტატები შეწყვეტს სხვა ქვეყნების შეკვეთების შესრულებას "პატრიოტის" საზენიტო-სარაკეტო სისტემების წარმოებაზე და მათ მხოლოდ უკრაინისთვის დაამზადებს, ვიდრე ამ უკანასკნელს არ ექნება საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის თავდასხმებისგან თავის დასაცავად. ვაშინგტონი ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას ხუთშაბათს გეგმავს, – განუცხადა Financial Times-ს სიტუაციის მცოდნე სამმა ადამიანმა.
ორმა მათგანმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გააფორმებს ჯო ბაიდენის მიერ გასულ კვირას, G7 სამიტის დროს გაცემულ დაპირებას და საშუალებას მისცემს უკრაინას, მიიღოს ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭირო აღჭურვილობა. აშშ-ის პრეზიდენტმა იტალიაში განაცხადა, რომ ხუთი ქვეყანა დათანხმდა "პატრიოტის" გაგზავნას უკრაინაში, მაგრამ მათ, ვინც ელოდება ამ სისტემების ამერიკიდან მიწოდებას, ლოდინი მოუწევს. „ყველაფერი, რაც გვაქვს, წავა უკრაინაში, სანამ მისი საჭიროებები არ დაკმაყოფილდება“, - თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ ის იარაღს „შედარებით სწრაფად მიიღებს“.
FT აღნიშნავს, რომ პოლონეთს, რუმინეთს და გერმანიას აქვთ აშშ–ში შეკვეთილი "პატრიოტის" კომპლექსები. ესპანეთს ასევე სურს გამშვები მოწყობილობები და ნატოს ქვეყნების კოალიციამ იანვარში 1000 რაკეტის შეკვეთა გასცა.