2019 წელს საქართველოს აეროპორტებმა 5 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღეს

14-01-2020 11:51:35 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2019 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 209 505 მგზავრს მოემსახურა. 2018 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 3.5 პროცენტით (176 182 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წელს), ხოლო 2017 წელთან შედარებით 27.63 პროცენტით (1 127 787 მგზავრით მეტი, ვიდრე 2017 წელს) არის გაზრდილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 692 175 მგზავრს მოემსახურა, რაც 3.06 პროცენტით (116 444 მგზავრით) ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის თორმეტი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, რაც გასული წლის 8 ივლისიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტით იყო განპირობებული.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 41.51 პროცენტით გაიზარდა. სულ გადაყვანილია 873 616 მგზავრი, რაც 256 243 მგზავრით მეტია, ვიდრე 2018 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 624 151 მგზავრია გადაყვანილი, რაც 4.22 პროცენტით (25 260 მგზავრით) მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია გასული წლის დაჯამებული მონაცემებით 8 625 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 767 მგზავრით, შესაბამისად 25.77 პროცენტით მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ თორმეტ თვეში 1 966 მგზავრი მიიღო, რაც 384 მგზავრით მესტია (24%), ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.

2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 24 447 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 21 399-ს, ხოლო ჩარტერები – 3 048-ს. 2018 განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა უმნიშვნელოდ, 0.65 პროცენტით (159 რეისით) იკლო.

კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხით: 2019 წელს, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 24 911. 336 ტონა შეადგინა, რაც 543.49 ტონით. შესაბამისად, 2.14 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) სტატისტიკური მონაცემებით მიხედვით, საქართველოში მომფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადები 2019 წელს – 2018 წელთან შედარებით 1.9 პროცენტით შემცირდა, გამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადები 1.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო შიდა ფრენები 12.3 პროცენტით გაიზარდა. 12.7 პროცენტიანი კლება იყო გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების კუთხით, რაც პაკისტანის საჰაერო სივრცის რამდენიმეთვიანი დახურვით და აზიიდან მომავალი საჰაერო მოძრაობის ნაკადების საქართველოს საჰაერო სივრცის გვერდის ავლით იყო განპირობებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები