Accentnews.ge
მასირებული შეტევა და აფეთქებები იყო კრასნოდარში, სადაც ნავთობის ობიექტები და სამხედრო აეროდრომი მდებარეობს

მასირებული შეტევა და აფეთქებები იყო კრასნოდარში, სადაც ნავთობის ობიექტები და სამხედრო აეროდრომი მდებარეობს

21/06/2024 06:04:14 მსოფლიო

რუსეთის კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის შესახებ განაცხადა.

გამთენიისას აფეთქებები იყო კრასნოდარის მხარის რამდენიმე რაიონში, მათ შორის დაბა ილსკიში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.

რეგიონის ოპერატიული შტაბის ცნობით, ინფორმაცია ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შესახებ 21 ივნისს, 04:00 საათზე მიიღეს. ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა საწარმოს ორი თანამშრომელი, დაზიანებულია ქარხნის ადმინისტრაციული შენობები და სამეურნეო ნაგებობები.

ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს, რომ დრონებით შეტევა იყო სოფელ ვოლნასა და დაბა აფიპსკიზეც, სადაც ასევე მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობის ბაზა, რომლებიც ადრეც გახდნენ სამიზნე.

რუსული ტელეგრამ-არხი ASTRA იუწყება, რომ 21 ივნისს, გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია კრასნოდარის მხარის ეისკის რაიონშიც. ამ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აეროდრომი მდებარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაზუსტების გარეშე განაცხადა, რომ კრასნოდარის მხარეში 43 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ბაზები. 20 ივნისს შეტევა იყო რუსეთის ტამბოვის ოლქსა და ადიღეს რესპუბლიკაში მდებარე ნავთობის ბაზებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S