
ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
21/06/2024 08:13:57 სამართალი
გენერალური პროკურატურის ცნობით ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული სარგებლის მიღების მიზნით გადმოიბირეს და მას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ, სანაცვლოდ მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდნენ და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე ცნობილი იყო კიდევ ერთი პირისთვის, რომელმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა", - წერია უწყების განცხადებაში.
3 დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარედგინა (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ), რაც სასჯელის სახით 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ერთ პირს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.