
ბორელი განმარტავს, ამჯერად რომელ სექტორებს იღებს სამიზნეში სანქციების მე–14 პაკეტი
21/06/2024 08:51:52 მსოფლიო
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებას ეხმიანება.
ბორელი პაკეტის სამიზნე სექტორებზე მიუთითებს.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტზე, ინდივიდუალური და სექტორული ზომების მძლავრ კომპლექტზე, რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ძალისხმევას. ის სამიზნეში იღებს სამხედრო-სამრეწველო თავდაცვის კომპლექსს, ფინანსურ სერვისებს, ენერგეტიკულ სექტორს, სანქციების გვერდის ავლას, სამხედრო დანაშაულებს. მათ შორის, სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში“, – წერს ბორელი.
ჯოზეფ ბორელის თქმით, ახალი სანქციები მიმართულია იქეთკენ, რომ გაურთულოს პუტინის მთავრობას აგრესიული ომის წარმოება.
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე 20 ივნისს შეთანხმდნენ.
სანქციების მე-14 პაკეტს ევროკავშირის ელჩები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავდნენ და როგორც იტყობინებიან, ფერხდებოდა გერმანიის პოზიციის გამო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპული კომპანიების პასუხისმგებლობას მათი შვილობილი კომპანიებისა და პარტნიორების მიერ მესამე ქვეყნებში სანქციების დარღვევაზე, თუმცა მიღწეულ იქნა კომპრომისული ვარიანტი.
არსებული ცნობებით, ახალი სანქციების მიზანს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადაზიდვის შეზღუდვა წარმოადგენს.
მოელიან, რომ ახალი პაკეტი დამტკიცდება ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში 27-28 ივნისს ან მანამდე.