
ამერიკელი სენატორები რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვენ – ინიციირებულია ორპარტიული კანონპროექტი
21/06/2024 09:01:28 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ინიციირებულია ორპარტიული კანონპროექტი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. ინიციატორები არიან რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი. ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად აღიარებული ჰყავს კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია.
კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მითითებით, რუსეთის მთავრობა ხელს უწყობდა და დღესაც უწყობს საერთაშორისო ტერორიზმს პოლიტიკური ოპონენტების და უცხო ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების წინააღმდეგ. მითითებულია მთელი რიგი მოვლენები.
სენატორები თანხმდებიან, რომ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის აღიარება შეერთებულ შტატებს მისცემს მეტ საშუალებას პუტინის დასასჯელად უკრაინასა და მთელ მსოფლიოში ჩადენილი ბარბაროსობისთვის.
მათივე შეფასებით, პუტინის რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყანაა და უკვე დიდი ხანია საჭიროა ამის ოფიციალურად აღიარება.
როგორც განიმარტა, თუ აშშ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებას გადაწყვეტს, მას მეორადი ეფექტიც ექნება: მათ შორის, სანქციების ამოქმედების რუსეთთან მოთანამშრომლე ქვეყნების წინააღმდეგ.