Accentnews.ge
რუსეთი ჩინეთს იაპონიის ზღვაზე გასასვლელად მდინარეს უთმობს

რუსეთი ჩინეთს იაპონიის ზღვაზე გასასვლელად მდინარეს უთმობს

21/06/2024 09:27:52 მსოფლიო

რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა უახლოეს ხანებში დაიწყებენ მოლაპარაკებებს, რომელთა თემა ჩინური ხომალდებისთვის საზღვრისპირა მდინარე ტუმანნაიას გავლით იაპონიის ზღვაში მოხვედრის უზრუნველყოფა იქნება, - იუწყება გამოცემა Nikkei Asia.

ცნობისთვის: ტუმანნაია ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის საზღვართან გადის და იაპონიის ზღვაში ჩაედინება. სადღეისოდ ჩინურ ხომალდებს ამ მდინარით შეუფერხებლად გადაადგილება მხოლოდ სოფელ ფანჩუანამდე შეუძლიათ, ზღვამდე დარჩენილი 15-კმ-იანი მონაკვეთის გასავლელად კი ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის თანხმობა სჭირდებათ. ამასთან, "მეგობრობის ხიდი", რომელიც ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაიდო, მსხვილი ჩინური ხომალდების გადაადგილებისთვის დამატებით წინაღობას წარმოადგენს.

მაისში გამართული შეხვედრის შედეგად ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა სი ძინპინმა და ვლადიმირ პუტინმა ერთობლივ განცხადებაში ჩართეს პუნქტი, რომელიც მდინარე ტუმანნაიას შესახებ ჩრდილოეთ კორეასთან "კონსტრუქციულ დიალოგში" ჩაბმას გულისხმობს.

მანამდე პეკინს არაერთგზის მოუწოდებია მოსკოვისა და ფხენიანისთვის, ჩინური ხომალდების იაპონიის ზღვამდე შეუფერხებელ გადაადგილებას დასთანხმებოდნენ. იგი ორ ქვეყანას მდინარის ნაპირების გასწვრივ სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნას სთავაზობდა. ამასთანავე, ჩინეთი ქვედა ნაწილში მდინარის გაფართოებისა და ხსენებული ხიდის დემონტაჟის შესაძლებლობის განხილვის ინიციატივით გამოდიოდა.

ბოლო დრომდე რუსეთი პეკინის წინადადებებს არ სთანხმდებოდა, შიშობდა რა, რომ ამ გზით ჩინეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში საკუთარ გავლენას გაზრდის. თუმცა ბოლოდროინდელი დასავლური სანქციების გამო მოსკოვი ჩინეთზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება და იძულებულია, პეკინს არაერთი სურვილი დაუკმაყოფილოს.

ასე, მაგალითად, რუსეთმა ჩინეთში ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა, "შავი ოქროს" ნაკადების აღმოსავლეთზე გადამისამართებამ კი მრავალმილიარდიანი ზარალი მოუტანა რუსულ ნავთობკომპანიებს, რომლებიც იძულებულნი არიან, ჩინელებს ნავთობი უდიდესი ფასდაკლებით მიაწოდონ. კერძოდ, გაიდარის ინსტიტუტის გათვლით, მარტო 2022 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდში ჩინელებისთვის გაწეული შეღავათის ოდენობამ 5,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, გასული წლის იანვარ-სექტემბერში - 3,7 მილიარდი. გარდა ამისა, რუსეთი სრულად დამოკიდებული აღმოჩნდა პეკინზე ელექტრონული კომპონენტებისა და ავტომობილების იმპორტის კუთხით.

2023 წლის აგვისტოში კი ჩინეთის სახელმწიფო უწყებამ - "სტანდარტული რუკების კარტოგრაფიულმა სერვისმა" გეოგრაფიული რუკების ახალი კომპლექტი წარმოადგინა, რომელშიც რუსეთის ტერიტორიის ნაწილი ჩინეთის ტერიტორიად იყო მონიშნული. საბარია, კერძოდ, მდინარე ამურზე მდებარე უსურიისკის დიდ კუნძულზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის 2008 წლის შეთანხმების თანახმად, ჩინეთსა და რუსეთს შორის იყოფოდა. როგორც პეკინმა განმარტებით ბარათში მიუთითა, რუკა "ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების საზღვრების გაფორმების ეროვნული სტანდარტების დაცვით" შემუშავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S