
კულება: მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის მონაწილეობა "მარცვლეულის შეთანხმების" ფორმატშია შესაძლებელი
21/06/2024 09:41:39 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ მიანიშნა, რომ კიევი არ ცდილობს რუსეთთან პირდაპირ კონტაქტს, მაგრამ მისი მონაწილეობა მეორე სამშვიდობო სამიტში შესაძლებელია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფორმატში. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იტყობინება.
კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციას მეორე სამშვიდობო სამიტზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაზე მოლაპარაკებების „ძალიან წარმატებული გამოცდილება არსებობს", როდესაც უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებდა თურქეთთან და გაერო–სთან, ხოლო თურქეთმა და გაერომ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყეს.
„და შეთანხმება გამოიყურებოდა როგორც დოკუმენტი, რომელიც გაფორმდა თურქეთს, გაეროსა და უკრაინას შორის და ასევე თურქეთს, გაეროს და რუსეთს შორის – ასე გაერთიანდა შეთანხმება“- თქვა კულებამ.
იქვე კულებამ თქვა, რომ კიევს არანაირი სურვილი არ აქვს მოსკოვთან პირდაპირი კონტაქტის მის მიერ ჩადენილი დანაშაულების და სტრატეგიული მიზნის გათვალისწინებით, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო.
კითხვაზე, არის თუ არა რაიმე გარანტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის ფედერაციასთან მომავალი შეთანხმება სამშვიდობო სამიტზე არ ჩავარდება, როგორც ეს მოხდა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ როდესაც საქმე რუსეთს ეხება, ტერმინი "გარანტია" საკმაოდ პირობითია.
მანამდე შვეიცარიამ, სადაც გაიმართა მშვიდობის სამიტი უკრაინის შესახებ, განაცხადა, რომ რუსეთთან, ასევე ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ სამიტში, განიხილავს სამიტის შედეგებს. შვეიცარიამ ამასთან გაიმეორა, რომ რუსეთის მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში საკვანძოა.