
იაპონიამ სანქციები დააწესა რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების კომპანიების წინააღმდეგ
21/06/2024 09:57:35 მსოფლიო
იაპონიის მთავრობამ კიდევ ერთხელ გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.
სანქციების სიაში ათობით კომპანია მოხვდა, მათ შორის ჩინეთიდან და კიდევ ოთხი ქვეყნიდან.
ტოკიოს თქმით, ეს კომპანიები ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლით სამხედრო საჭიროებისთვის ელექტრონიკის შეძენისას.
რუსეთიდან სანქციების ქვეშ მოხვდა 11 პირი და 42 ორგანიზაცია. მათ შორისაა კომპანია "ალროსა", ილიუშინის საავიაციო კომპლექსი, "ტუპოლევის" კონცერნი, ორი საწარმო Almaz-Antey კონცერნიდან, ჩელიაბინსკის ტრაქტორის ქარხანა, პერმის ფხვნილის ქარხანა, არზამასის ინსტრუმენტების დამამზადებელი ქარხანა და სხვა სამხედრო-სამრეწველო კომპანიები.
შეზღუდვები შეეხო შვიდ ჩინურ კომპანიას, რომლებიც დაეხმარნენ რუსეთს ელექტრონიკის შეძენაში და თითო–თითოს ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და უზბეკეთიდან. ამ კომპანიების აქტივები იაპონიაში უნდა გაიყინოს და მათთან ტრანზაქციები იაპონურ ფირმებსა და მოქალაქეებს ეკრძალებათ.
პერსონალური სანქციები შეეხოთ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს და კიდევ ხუთ წევრს, ასევე ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღების ხელმძღვანელს ბორის ობნოსოვს და სხვებს.