
რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ძალების სწრაფი გადასროლის მიზნით სატრანსპორტო დერეფანს ქმნიან
21/06/2024 10:23:53 მსოფლიო
ჩრდილოეთ ევროპის სამი ქვეყანა - ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია ნატო-ს ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის სწრაფი გადასროლის მიზნით სამხერო-სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე შეთანხმდნენ, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ ფინელ და შვედ კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, დერეფანი სამი ქვეყნის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე გაივლის და ნორვეგიული პორტებიდან ფინეთის აღმოსავლეთ საზღვრისკენ ჯარების სწრაფი გადასროლის შესაძლებლობას შექმნის.
"ადრე ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძზე ვფიქრობდით, ახლა კი უფრო მეტად დასავლეთ-აღმოსავლეთს განვიხილავთ. ვინაიდან ახლა სამივე ქვეყანა ნატო-ს წევრია, შესაძლებლობა მოგვეცა, სამხედრო თანამშრომლობა სულ სხვა დონეზე ავიყვანოთ" - განაცხადა სტიორემ.
მანამდე გამოცემა The Telegraph წერდა, რომ ნატო-ს ქვეყნები მუშაობენ არაერთ სახმელეთო დერეფანზე ფრონტის ხაზისკენ ამერიკული ჯარებისა და ჯავშანტექნიკის სწრაფად გადასასროლად იმ შემთხვევისთვის, თუ ევროპასა და რუსეთს შორის მასშტაბური კონფლიქტი დაიწყება.