
თურქეთში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
21/06/2024 15:15:22 მსოფლიო
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11–მდე გაიზარდა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეტინ კოჩას ცნობით, ხანძრის შედეგად კიდევ 78 ადამიანი დაშავდა, მათგან ხუთი რეანიმაციაშია.
AP-ის ცნობით, თურქეთში ხანძარი დიარბაქირისა და მარდინის პროვინციებს შორის გაჩნდა. დიარბაქირის გუბერნატორის, ალი იჰსან სუს თქმით, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა დასახლებულ პუნქტებში – კოკსალანში, იაზჩიჩედსა და ბაგაჩიკში. ხანძრის ლოკალიზება პარასკევს დილით შეძლეს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ხანძარი დიარბაქირის პროვინციაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო გაჩნდა და ქარის გამო გაძლიერდა.
მინისტრის თქმით, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს და ახლა ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად ასობით შინაური ცხოველიც დაიღუპა.