შეიარაღებული ინციდენტი საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე – დაკავებულია ერთი პირი

14-01-2020 17:36:01 სამართალი

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა. როგორც საქართველოს შს სამინისტრო იუწყება, 14 იანვარს საქართველოს მოქალაქე გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით.

"ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია",– აცხადებენ შსს–ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გ.ი. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ეფექტიანი თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები