
მედია: სანქციების გამო ჩინური ბანკის შვილობილი კომპანია Bank of China რუსეთის ბანკებთან მუშაობას წყვეტს
24/06/2024 09:51:24 მსოფლიო
აშშ–ის სანქციების გამო ჩინური ბანკის შვილობილი რუსული ფილიალი Bank of China რუსეთის ბანკებთან მუშაობას წყვეტს, – იუწყება გაზეთი "კომერსანტი" წყაროებზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, ბანკი გააგრძელებს მუშაობას სხვა პარტნიორებთან, რომლებიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ სასანქციო სიაში არ შედიან.
Bank of China რუსეთში მოქმედ ჩინეთის ბანკის შვილობილ კომპანიებს შორის აქტივების მიხედვით მეორე ადგილზეა. ორ ქვეყანას შორის ფინანსური ანგარიშსწორების დროს იგი ფოკუსირებულია იუანის გადახდაზე. ექსპერტების აზრით, Bank of China-ზე ჩინური ბიზნესის, სამთავრობო უწყებებისა და მსხვილი რუსული კომპანიების საგადახდო ტრეფიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის.
რუსული ბაზრისთვის ეს ნიშნავს დამატებით დანაკარგებს, როგორც გადახდის დამუშავების ვადების, ისე ღირებულების თვალსაზრისით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ გადასახადები გავა საბანკო სექტორს მიღმა, რის შედეგადაც როგორც „კომერსანტის“ თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, სახელმწიფოს სულ უფრო ნაკლები კონტროლი ექნება მათზე და გაიზრდება თაღლითობის რისკები.
ოფიციალურად, პეკინი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა, თუმცა შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ჩინურმა ბანკებმა სანქციების ქვეშ რუს კლიენტებთან მუშაობა შეამცირეს. მაგალითად, რუსული ბანკების მიერ გაცემული ჩინური UnionPay გადახდის სისტემის ბარათებმა, რომლებიც შედიოდა სანქციების სიებში, შეწყვიტეს მუშაობა საზღვარგარეთ.
მანამდე ვაშინგტონმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ აშშ მზადაა, დააწესოს სანქციები, თუკი პეკინი გააგრძელებს რუსეთის მომარაგებას ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებით. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ყოფნის დროს ყურადღება გაამახვილა ჩარხებსა და მიკროელექტრონიკაზე, რომელთა გამოყენება რუსეთის ხელისუფლებას სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად შეუძლია.