
ომბუდსმენმა სააკაშვილი მოინახულა: პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
24/06/2024 10:54:22 სამართალი
სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
როგორც კლინიკა "ვივა მედიდან" გამოსვლის შემდეგ იოსელიანმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, დეტალურად ვერ ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ წინა ვიზიტებთან შედარებით, იგი "უკეთესად გამოიყურება".
„ვივა მედის“ კლინიკაში მყოფი ყველა მსჯავრდებული და ბრალდებული მოვინახულე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდი. რა თქმა უნდა, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილიც და მასაც ვესაუბრე. მინიმუმ, წელიწადში ერთხელ, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მივდივარ და თავად ვნახულობ მსჯავრდებულებს, შესაბამისად, ეს ვიზიტიც ამას ემსახურებოდა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, თუმცა თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორიც დამხვდა, დღეს ბევრად უკეთ გამოიყურება. მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა. ეს არ არის არც ჩემი და არც კლინიკის კომპეტენცია. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება მის გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.