
ევროკავშირმა რუსეთის აქტივების თაობაზე უნგრეთის ვეტო დაძლია
24/06/2024 11:28:07 მსოფლიო
ევროკავშირმა იპოვა ლეგალური "ხვრელი", რითაც გვერდი აუარა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის გადაცემის თაობაზე უნგრეთის მიერ დაწესებულ ვეტოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გვერდის ავლის გზა რთულია, როგორც ყველა სამართლებრივი გადაწყვეტა, მაგრამ მუშაობს.
ბორელმა განმარტა, რომ ისინი ცდილობდნენ უნგრეთთან მოლაპარაკებას. კერძოდ, ბუდაპეშტს შესთავაზეს, რომ თავად არ მიეღო მონაწილეობა უკრაინის მხარდაჭერაში, მაგრამ არ დაებლოკა ევროკავშირის სხვა ქვეყნების გადაწყვეტილება. ბორელის თქმით, უნგრეთმა ამაზე უარი განაცხადა.
როგორც გამოცემა Politico წერს, ევროკავშირის ამ „ხვრელმა“ განარისხა უნგრელი პოლიტიკოსები.
ევროკავშირში რუსეთის ბანკის კუთვნილი დაახლოებით 210 მილიარდი ევროს აქტივები გაიყინა. მათ წელიწადში დაახლოებით ხუთი მილიარდი ევროს მოგება მოაქვთ. ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის მაისში გაყინული რუსული ფულით მიღებული დივიდენდით, უკრაინისათვის მხარდაჭერის გეგმა დაამტკიცეს.