
მედია: სერბულმა ქარხნებმა სამ ცვლაში დაიწყეს მუშაობა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების მიზნით
24/06/2024 14:00:53 მსოფლიო
სერბეთმა მკვეთრად გაზარდა სამხედრო წარმოება, მისი თავდაცვის საწარმოები გადავიდნენ სამცვლიან რეჟიმში მუშაობაზე, რათა აწარმოონ იარაღი, რომელიც გაიგზავნება უკრაინაში, – წერს რუსული "კომერსანტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
Financial Times–ის ცნობით, ბელგრადმა უკრაინას შუამავლების მეშვეობით სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 800 მილიონი ევროს ღირებულების იარაღი მიაწოდა.
„დიახ, ჩვენ ექსპორტზე გაგვაქვს იარაღი. არ შეგვიძლია უკრაინაში და რუსეთში ექსპორტი, მაგრამ გვაქვს ბევრი კონტრაქტი ამერიკელებთან, ესპანელებთან, ჩეხებთან და სხვებთან. რას აკეთებენ ისინი საბოლოო ჯამში, მათი საქმეა“, - განუცხადა გამოცემას სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეცოდინებოდა, ვისთვი იყო განკუთვნილი იარაღი, ეს "მას არ შეეხებოდა".
მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა ამ განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ „სერბეთს არც უკრაინული და არც რუსული მხარისთვის არ მიუყიდია და არ მიყიდის იარაღს“. „რა თქმა უნდა, ვიღაცას სურს ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია და კონფლიქტში ჩათრევა, რომელშიც ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას“, - თქვა მან.
როგორც "კომერსანტის" წყაროები ამბობენ, სერბეთის ხელისუფლებას ამ სიტუაციაში „პირველ რიგში, ეშინია მოსკოვის მკაცრი ნეგატიური რეაქციის“, რომელმაც ადრე გამოთქვა შეშფოთება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ.
„თუ სერბებმა იცოდნენ, რომ უკრაინაში იარაღი მესამე ქვეყნების მეშვეობით შედიოდა, ეს ვერ ჩაითვლება მეგობრულ ნაბიჯად“, - თქვა ვლადიმირ ჯაბაროვმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა.