რუსეთი სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საქართველოს თანხმობას ითხოვს

14-01-2020 19:23:18 ადამიანი და კანონი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოდან ექსტრადირებული იაროსლავ სუმბაევისთვის გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საქართველოს თანხმობას ითხოვს,– აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.

ირკვევა, რომ აღნიშნული პროცედურა რუსული კანონმდებლობით არის რეგულირებული და შესაბამისი თანხმობის მისაღებად დოკუმენტები გადაეგზავნა რუსეთის გენპროკურატურას. სავარაუდოდ, გენპროკურატურა აღნიშნულ დოკუმენტებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიაწვდის.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ჩვენ საქართველოს თანხმობა უნდა მივიღოთ სუმბაევისთვის შიშკინას მკვლელობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზეც. ამიტომ საგამოძიებო კომიტეტმა ნებართვის მისაღებად რუსეთის გენერალურ პროკურატურას აუცილებელი დოკუმენტები გაუგზავნა“, – განუცხადა რუსულ მედიას რუსეთის საგამოძიები კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტირკინმა.

იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. საქართველომ იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირება 2019 წლის ოქტომბერში განახორციელა. რუსეთში მას კიბერდანაშაულსა და შსს-ს გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობასთან აკავშირებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები