
პენტაგონი: უკრაინა სამიზნეების ამორჩევის შესახებ გადაწყვეტილებას თვითონ იღებს
24/06/2024 19:31:58 მსოფლიო
პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინა სამიზნეების ამორჩევის შესახებ გადაწყვეტილებას თვითონ იღებს.
"უკრაინა სამიზნეების შესახებ გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს და სამხედრო ოპერაციებს თვითონ ატარებს", - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, მაიორმა ჩარლი დიტცმა.
ეს განცხადება პენტაგონში მას შემდეგ გააკეთეს, რაც კრემლმა პირდაპირ დაადანაშაულა აშშ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლზე განხორციელებულ თავდასხმაში, რომელიც მისი თქმით, აშშ-ის მიერ მიწოდებული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა.
მანამდე, 24 ივნისს რუსეთში აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმის გამო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ელჩს განუცხადეს, რომ „დაუსჯელი არ დარჩება ქმედება ვაშინგტონისა, რომლის მიზანი უკრაინის პრონაცისტური ხელისუფლების საომარი მოქმედებისკენ წაქეზებაა".