
პენტაგონი – მოსკოვის ბრალდებაზე: თუ რუსეთი შეშფოთებულია საკუთარი დანაკარგებით, შეწყვიტოს ომი
25/06/2024 07:07:42 მსოფლიო
პენტაგონმა უპასუხა რუსეთის ბრალდებებს ყირიმზე უკრაინის თავდასხმების შემდეგ აშშ-ის "ჰიბრიდულ ომში" ჩართვის შესახებ.
ყირიმში უკრაინული ძალების დარტყმების კომენტირებისას, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მტკიცებით, ATACMS რაკეტების გამოყენებით განხორციელდა, პენტაგონის წარმომადგენელმა პეტ რაიდერმა ბრიფინგზე თქვა, რომ უკრაინა საკუთარ სამიზნეებს თავად ირჩევს.
„მნიშვნელოვანია, უკან გავიხედოთ – რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრამდე. მნიშვნელოვანია, გავიხედოთ უკან და დავინახოთ, როგორ მივედით იქ, სადაც დღეს ვართ. და თუ მათ (რუსეთის ფედერაციას) აწუხებთ მათ ჯარისკაცებს შორის დანაკარგები, დაე, შეწყვიტონ ეს ომი და დააბრუნონ უკრაინის სუვერენული ტერიტორია და არ გაგზავნონ იქ თავიანთი ჯარები“, - ხაზგასმით აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.
მან გაიხსენა, რომ სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი უკრაინაში შეჭრაზე, რასაც ათასობით უდანაშაულო უკრაინელი ემსხვერპლა.
ეს განცხადება პენტაგონში მას შემდეგ გააკეთეს, რაც კრემლმა პირდაპირ დაადანაშაულა აშშ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლზე განხორციელებულ თავდასხმაში, რომელიც მისი თქმით, აშშ-ის მიერ მიწოდებული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა.
მანამდე, 24 ივნისს რუსეთში აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმის გამო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ელჩს განუცხადეს, რომ „დაუსჯელი არ დარჩება ქმედება ვაშინგტონისა, რომლის მიზანი უკრაინის პრონაცისტური ხელისუფლების საომარი მოქმედებისკენ წაქეზებაა".