
ერდოღანი პუტინს სავარაუდოდ, ყაზახეთში შეხვდება
25/06/2024 07:15:35 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმირ პუტინს სავარაუდოდ, ყაზახეთში შეხვდება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, წერს AFP.
მისი თქმით, ერდოღანი „სავარაუდოდ“ პუტინს ყაზახეთში „უახლოეს რამდენიმე დღეში“ შეხვდება.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააგენტოსთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ საუბარია ასტანაში ერდოღანისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც 3-4 ივლისს გაიმართება.
ბოლოს ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს 2023 წლის სექტემბერში სოჭში შეხვდნენ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ეწვია ივნისის დასაწყისში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო BRICS-ის შეხვედრაში. ის პუტინმა და ლავროვმა მიიღეს. ერდოღანი თებერვალში თურქეთში პუტინის მისაღებად ემზადებოდა, მაგრამ ვიზიტი გადაიდო.