
ლაიენი: ვულოცავ მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, მოკლე გზა არ არსებობს, ის იქნება რთული, მაგრამ შესაძლებლობებით სავსე
25/06/2024 10:13:12 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვასა და უკრაინას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს.
მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის იყო უფრო მეტი ვიდრე პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, „ეს არის ჩვენი კოლექტიური მისწრაფების, მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, კეთილდღეობის დადასტურება“.
„უკრაინელმა და მოლდოველმა ხალხებმა აჩვენეს ურყევი ერთგულება და მონდომება, იყვნენ ევროპული პროექტის ნაწილი. ომისა და არეულობის დროსაც კი, მათ დაიწყეს მასშტაბური რეფორმები. მათ იციან, რომ ეს გზა იქნება მკაცრი და მომთხოვნი, გაწევრიანების მოლაპარაკებები შექმნილია იმისთვის, რომ მოამზადოს კანდიდატები წევრობის პასუხისმგებლობისთვის და სწორედ ამიტომ, მოკლე გზა არ არსებობს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზა გამოწვევებით და მოთხოვნებით სავსე იქნება, მაგრამ ის ასევე სავსე იქნება უზარმაზარი შესაძლებლობებით უკრაინისთვის, მოლდოვასთვის ევროკავშირისთვის.
„გისურვებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმატებულ დაწყებას“, - აღნიშნა ლაიენმა.