
უკრაინამ პირველი ჭურვები მიიღო ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში
25/06/2024 11:55:35 მსოფლიო
უკრაინას საბრძოლო მასალების პირველი პარტია მიეწოდა ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა ჭურვების შეძენას მესამე ქვეყნებში,– ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა იტყობინება.
"ჩვენი ინიციატივის ფარგლებში პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა ცოტა ხნის წინ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული", - წერს X–ზე ფიალა.
მან არ დაუზუსტებია მოცულობა.
მანამდე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩეხეთის მიერ წამოწყებული ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის გარეთ შეძენილი ჭურვები "ამ დღეებში" ჩავიდოდა უკრაინაში.
როგორც ცნობილია, თებერვალში ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ პრაღამ იპოვა 800 ათასი ჭურვი ევროკავშირისა და ნატოს მიღმა ქვეყნებში. საუბარი იყო 122 მმ და 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალაზე.