
ბორელმა "საკვანძო ნაბიჯი" უწოდა ჰააგის შოიგუს და გერასიმოვის დაკავების ორდერების გაცემას
25/06/2024 17:21:06 მსოფლიო
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი მიესალმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.
ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობას.
”სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის წინააღმდეგ არის საკვანძო ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სრული პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად",– დაწერა მან X-ზე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ექს–მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა. ორივე სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებშია ეჭვმიტანილი.
ორდერები გაცემულია "უკრაინის სიტუაციის კონტექსტში საერთაშორისო დანაშაულებზე, რომლებიც მინიმუმ, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან, სულ მცირე, 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდშია ჩადენილი", – ნათქვამია საერთაშორისო სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზი.
შოიგუსა და გერასიმოვს სავარაუდო პასუხისმგებლობა ეკისრებათ ომის დანაშაულებზე, რომლებიც სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო დარტყმებში, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გადაჭარბებული თანმდევი ზიანის მიყენებაში, ასევე ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებში გამოიხატა, კერძოდ, არაადამიანური ქმედებების სახით.
ცნობისთვის: პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შოიგუ თანამდებობიდან მაისში გადააყენა. მის ადგილ ანდრეი ბელეუსოვი იკავებს. იმავე სასამართლოს 2022 წლის მარტში თავად პუტინის დაპატიმრების ორდერიც აქვს გაცემული.