ინციდენტი ყოფილ თანაპარტიელებს შორის – ვინ დაუპირისპირდა ოხანაშვილს

15-01-2020 11:31:48 სამართალი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ყოფილი წევრი ვახტანგ რობაქიძეა დაკავებული. რობაქიძე ქობაქიძე „ქართული ოცნების“ წევრი 2017 წლამდე იყო, ამჟამად ის „ლელოს“ მხარდამჭერია.

ინციდენტი ბაკურიანში, ერთ–ერთ რესტორანში მოხდა, სადაც ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ოხანაშვილი ამბობს, რობაქიძემ მას შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა კიდეც.

„მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად შევედი კაფე–ბარში სავახშმოდ, რა დროსაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სრულიად უცნობმა მამაკაცმა გამოიჩინა ძალიან დიდი აგრესიულობა, დაიწყო სეურაცხყოფის მოყენება. ვეცადე, რომ ოჯახი ყოფილიყო უსაფრთხოდ, რადგან ის მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა, იწევდა, გარკვეული ნივთების გამოყენებით ცდილობდა მოახლოებას, თუმცა ხალხმაც სეაჩერა და ფაქტი აღიკვეთა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. დაიწყო სამართლებრივი რეაგირება და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“,– ყვება ანრი ოხანაშვილი.

ინციდენტს გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.

„ვადასტურებ, ვახტანგ რობაქიძე გაწევრიანებულია „ლელოში“. სრულად ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და არაკანონიერ ქმედებას. თუმცა ჩვენთვის დეტალები არ არის ცნობილი. ჩვენი იურისტები გაერკვევიან და დღის ბოლოსთვის გვექნება სრული ინფორმაცია. აქვე მინდა, გითხრათ, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე რობაქიძე იყო „ოცნების“ წევრი და ახალგაზრდული ფრთხის ხელმძღვანელი. ჩვენ არ ვიცით, ყოფილ თანაპარტიელებს შორის დაპირისპირება რის გამო მოხდა. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ძალადობა ჩვენს მიერ არის დაგმობილი. გავერკვევით დეტალებში და მივიღებთ ზომებს. ოხანაშვილის ინფორმაციას ვერ დავეყრდნობით, რადგან მან მთელი საქართველო მოატყუა და შეიძლება, ამ შემთხვევაშიც იტყუებოდეს“,– განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. უშუალოდ რობაქიძე კი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები