
უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა
26/06/2024 08:18:15 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და სამხედროებს შეხვდა. როგორც იგი ქალაქ პოკროვსკიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, უკრაინელ ჯარისკაცებს პირადად წარუდგინა გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური, გენერალი გნატოვი. იგი ამ "პოსტზე" უკრაინის პრეზიდენტმა 2 დღის წინ, გენერალ-ლეიტენანტი იური სოდოლის ნაცვლად დანიშნა.
ზელენსკი დონეცკში გენშტაბის ხელმძღვანელთან ალექსანდრ სირსკისთან ერთად იმყოფებოდა.
"გამიხარდა, რომ პირადად ვნახე და მადლობა გადავუხადე ჩვენს 110-ე და 47-ე ბრიგადებს, გმირ ბიჭებს", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
მან ხელისუფლების პირველ პირებს მოუწოდა, ხშირად იარონ ფრონტის ხაზზე და ადგილზე გაეცნონ იმ პრობლემებს, რომლებიც "კიევიდან არ ჩანს". უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სათანადო შეფასება ექნება იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსანი ასეთ ადგილებში ნახევარ წელიწადზე მეტია არ ყოფილა.