აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართავს

15-01-2020 12:41:09 კონფლიქტები

მოვუწოდებთ, დე ფაქტო ხელისუფლებას მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება, - ამის შესახებ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მან სოფლის მცხოვრებლებს სკოლის გახსნა მიულოცა და ფინანსური დახმარებისთვის დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

„აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება,“ - განაცხადა რუდმა.

ცნობისთვის: უკვე ოთხი თვეა, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გადასასვლელები ჩაკეტილი აქვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები