
ლიეტუვის თავდაცვის ბიუჯეტმა პირველად გადააჭარბა მშპ–ს 3%-ს
26/06/2024 12:40:45 ევროპა, მსოფლიო
ლიეტუვამ თავდაცვისთვის დამატებით 136 მილიონი ევრო გამოყო, რაც თავდაცვითი ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 3%–მდე ზრდას ნიშნავს, ეს კი NATO–ს 2%–იან სტანდარტს აღემატება.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 2024 წელს ლიეტუვის თავდაცვის ბიუჯეტმა მთლიანი შიდა პროდუქტის 3,03%-ს მიაღწია.
„დიდებული ამბავი ლიეტუვის უსაფრთხოებისთვის! დღეს დამტკიცებული დამატებითი 136 მილიონი ევროს წყალობით, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი ახლა რეკორდულ 2,3 მილიარდ ევროს შეადგენს (მშპ-ს 3,03%).
დამატებითი სახსრები დააჩქარებს ჩვენი სამხედროებისთვის საკვანძო პროექტების განხორციელებას, მათ შორის – ახალი ქვეითი საბრძოლო მანქანებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩათვლით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის 20-ზე მეტი მოკავშირე მიაღწევს ან გადააჭარბებს თავდაცვითი ხარჯებით მშპ-ს 2%-ს წელს.