
რომელი ქვეყნებიდან იგზავნება საქართველოში ყველაზე მეტი ფული
15/01/2020 09:24:16 ეკონომიკა
საქართველოში ფულადი გზავნილები ერთ წელში 14.2 პროცენტით, 21.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 2019 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 172.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ერონული ბანკის მონაცემებით, გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს. ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი – 43.82 მლნ აშშ დოლარი გასული წლის დეკემბერში საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. თუმცა ეს მაჩვენებელი 6%–ით ჩამორჩება 2018 წლის მაჩვენებელს.
გზავნილების ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის 19.25 პროცენტით იტალიიდან. დეკემბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში 23.83 მლნ დოლარის გზავნილი შემოვიდა. საბერძნეთიდან კი, ერთ წელში გზავნილების მოცულობა 14.80 პროცენტით გაიზარდა და დეკემბერში19.60 მლნ დოლარი შეადგინა. ასევე 27.41 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება გერმანიიდან, საიდანაც გასული წლის დეკემბერში საქართველოში 5.17 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გაიზარდა აშშ-დან და ისრაელიდანაც. აშშ-დან საქართველოში ფულადი გზავნილის სახით გასული წლის დეკემბერში 16.51 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2018 წლის იმავე თვის მონაცემს 9.39 პროცენტით აღემატება, ისრაელიდან ზრდა კი, 12.30 პროცენტს შეადგენს და გასული წლის დეკემბერში ამ ქვეყნიდან გზავნილის მოცულობა 14.55 მლნ დოლარზე დაფიქსირდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.5 მლნ აშშ დოლარი (74.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.7 პროცენტით მეტია.