
ფინეთმა პირველად აღიარა, რომ თავის ტერიტორიაზე წვრთნიდა უკრაინელ სამხედროებს
26/06/2024 14:20:33 მსოფლიო
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების ნაწილი ფინეთის ტერიტორიაზე გადიოდა წვრთნას, რაც ამ ფაქტის პირველი ოფიციალური დადასტურებაა. ამის შესახებ მინისტრმა STT-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მინისტრმა თქვა, რომ ფინელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა უკვე მოამზადეს ათასობით უკრაინელი სრული საბრძოლო მზადყოფნისთვის. ამ წვრთნების უმეტესობა ჩატარდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით ოპერაციების ფარგლებში, მაგრამ ზოგიერთი – ფინეთის მიწაზე.
"ჩვენ ჩავატარეთ მცირე სასწავლო ღონისძიებები ფინეთში. პრაქტიკაში ეს იყო ტექნიკური სწავლება, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ აღჭურვილობასთან. ეს არის ჩვეულებრივი ოპერატიული მომზადების ნაწილი გადატანილ საბრძოლო სისტემებზე", - განმარტა ჰაკანენმა.
მან განმარტა, რომ ფინელი ინსტრუქტორები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს სხვადასხვა მიმართულებით ამზადებდნენ - საბაზისოდან სპეცრაზმის მომზადებამდე და აღნიშნა, რომ ეს უფრო სწრაფი და ეფექტური იყო წვევამდელების მომზადების ფინურ მოდელთან შედარებით.
ჰაკანენის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება სულ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უკრაინის მხარდაჭერაში.
ევროპაში უკრაინელი სამხედროების წვრთნა ძირითადად მიმდინარეობს ორი პროგრამის - Interflex-ის ფარგლებში, რომელსაც ბრიტანეთი ხელმძღვანელობს და EUMAM-ის – ევროკავშირის ეგიდით.