
რუსებმა პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებული სერიული მკვლელი უკრაინაში გაგზავნეს, ის სამედიცინო ჯგუფში ირიცხება
26/06/2024 15:39:08 მსოფლიო
სერიული მკვლელი იური გრიცენკო, რომელსაც "ზელენოგრადსკი ჩიკატილოს" უწოდებენ, უკრაინის წინააღმდეგ საომრად წავიდა. ის მსახურობს სამედიცინო ევაკუაციის ოცეულში,– იტყობინება "ნასტოიაშეე ვრემია", რომელიც თავის მხრივ უშიშროების ძალებთან დაკავშირებულ ტელეგრამ–არხ Shot–ს ეყრდნობა.
62 წლის გრიცენკო ამ ზაფხულს უნდა გაეთავისუფლებინათ მორდოვიის სასჯელაღსრულების კოლონიიდან 22-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, მაგრამ, არხის ცნობით, იგი გაათავისუფლეს ვადაზე ადრე - 2023 წლის სექტემბერში.
"მან ფულის საშოვნელად ომში წასვლა ითხოვა. მას მხოლოდ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (როგორც რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას უწოდებს) დასრულების შემდეგ გაათავისუფლებენ",– წერს მედია.
იური გრიცენკო რუსეთის შინაგან საქმეთა ორგანოების ყოფილი თანამშრომელია. პირველი მკვლელობა მან 1993 წელს ჩაიდინა: სასიკვდილოდ ცემა ქალი. მან ცხრა წელი მოიხადა და წლინახევრით ადრე გათავისუფლდა ციხიდან. ამის შემდეგ მან კიდევ ხუთი ქალი მოკლა და ათი დაჭრა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა მასობრივად დაიწყო კოლონიებიდან პატიმრების გადაბირება და ომში გაგზავნა. 2023 წლის გაზაფხულამდე ისინი ექვემდებარებოდნენ ევგენი პრიგოჟინის "ვაგნერს", ხოლო შემდეგ მათ დაიწყეს ხელშეკრულებების გაფორმება Storm Z – დანაყოფთან, რომელიც უშუალოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
2022 წლიდან "ვაგნერის" დაქირავებულებმა მიიღეს შეწყალება ვლადიმერ პუტინისგან და გაათავისუფლეს უკრაინაში საომარ მოქმედებებში ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობის სანაცვლოდ. იანვარში BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საბრძოლველად წასული რუსი პატიმრები, ახლა პირობით გათავისუფლებას იღებენ და მათ ომის დასრულებამდე კონტრაქტით მოუწევთ მსახური.
მედიაში ყოველდღიურად ჩნდება ინფორმაცია ომიდან დაბრუნებული სამხედროების მიერ რუსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მათ შორის არის მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის შემთხვევები, გაუპატიურება, პედოფილია, ძარცვა, ადამიანების გატაცება და ა.შ.