Accentnews.ge
რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ყველა გამოკითხული საუბრობდა წამებაზე - გაეროს სადამკვირვებლო მისია

რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ყველა გამოკითხული საუბრობდა წამებაზე - გაეროს სადამკვირვებლო მისია

26/06/2024 16:22:16 მსოფლიო

რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული 600 პირიდან თითოეული საუბრობდა წამებაზე და არასათანადო მოპყრობაზე,– ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის (HRMMU) წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში. საუბარია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო ტყვეებზე.

კერძოდ, 31 მაისის გაცვლის დროს რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულებმა ისაუბრეს წამებაზე, სასტიკ ცემაზე, სასქესო ორგანოებზე ელექტროშოკების გამოყენებაზე, სხეულისთვის სტრესულ პოზიციაში ხანგრძლივი დგომის იძულებაზე, ძაღლებისთვის სატყუარად გამოყენებაზე.

„წამება გამოიყენებოდა პატიმართა მთელი ჯგუფის მიმართ. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებაში ე.წ. „მიღების“ დროს სამხედრო ტყვეებს უწევდათ მცველთა კორდონში გავლა, რომლებიც მათ პოლიციის ხელკეტებს ურტყამდნენ ან ალაქტროშოკერს იყენებდნენ...ბევრმა გამოკითხულმა თქვა, რომ ტყვეობაში ყოფნისას განიცდიდა მუდმივ შიმშილს და მოკლებული იყო ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას დიდი ხნის განმავლობაში“, - აცხადებენ გაეროში.

HRMMU-მ დაამატა, რომ ეს ჩვენებები შეესაბამებოდა მისიის წევრების დაკვირვებებს - გამოკითხულთა ფიზიკური მდგომარეობა შეესაბამებოდა მათ ჩვენებებს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, HRMMU-მ ასევე გამოიკითხა 388 რუსი სამხედრო ტყვე უკრაინაში სპეციალურ ობიექტებში რეგულარული ვიზიტების დროს.HRMMU–ს ცნობით, დაახლოებით ნახევარი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ცემაზე სატრანზიტო ზონებში ბრძოლის ველიდან მათი ევაკუაციის შემდეგ. თუმცა ეს ბანაკში მიყვანისთანავე შეწყდა.

შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტის დროს უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ ყველა, ვინც რუსეთის ტყვეობაში იმყოფება, სისტემატიურ წამებას ექვემდებარება. მან დადასტურებულად გამოაცხადა სულ მცირე, 14 ათასი ასეთი შემთხვევა.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა 450-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებზე და 2100-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის წამების ფაქტებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S