
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი დამატებით სტიმულს აძლევს ეროვნულ ნაკრებს
27/06/2024 09:26:57 ციტატა
"ბიძინა ივანიშვილი დამატებით სტიმულს აძლევს ეროვნულ ნაკრებს, დამატებით მოტივაციას აძლევს იმიტომ, რომ ძირითადი მოტივაცია ეს არის ქვეყნის სიხარული, ბრძოლის, გამარჯვების ჟინი, შენი ქვეყნის და შენი ხალხის გახარების სურვილი. ძალიან მაგარია, რომ სოლიდური ჯილდო ერგებათ ჩვენ ბიჭებს", – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის", – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.